თმის შეღებვისას, როცა ფერის არჩევაზე მიდგება საქმე, ბევრ ჩვენგანს ავიწყდება იმის გათვალისწინება, როგორი ტონალობის კანი აქვს.
სპეციალისტები ფერის არჩევისას როგორც წესი, კანის ტონალობას ითვალისწინებენ. მაგალითად, პლატინისფერი ქერა, რომელიც შენს ნაცრისფერ თვალებიან მეგობარს ძალიან უხდება, შენს თაფლისფერ თვალებს შეიძლება საერთოდ არ მოუხდეს.
როგორ უნდა მიხვდე, როგორი ტონალობის კანი გაქვს?
არსებობს ორი ტიპის კანი, თბილი და ცივი ტონალობის. როგორც წესი, ცივი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს ნაცრისფერი, ლურჯი, შავი ან მუქი ყავისფერი თვალები აქვთ, თბილი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს კი მწვანე, ჭაობისფერი, ღია ყავისფერი ან თაფლისფერი.
– მეტი ინფორმაციისთვის გადახედე ამ სტატიას!
ახლა ვნახოთ, რომელი ტიპის კანს რომელი ფერის თმა მოუხდება:
ცივი ტონალობის კანისათვის
პლატინისფერი ქერა
ეს ფერი იმ ქალებს უხდებათ, რომელთაც ცივი ტონალობის კანი/თვალები აქვთ. ასეთი ფერის მიღება სახლში როგორც წესი, ძალიან რთულია, ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართო. გარდა ამისა, გაითვალისწინე, რომ ასეთ ღია ფერის თმაზე წამოზრდილი მუქი თმის ძირები ძალიან შესამჩნევია და ხშირად მოგიწევს განმეორებითი ვიზიტები, ახალამოსული თმის შესაღებად.
ღია, ფერფლისფერ-ყავისფერი
ამ ფერის უპირატესობა ისაა, რომ ოქროსფერ და მოყვითალო ტონალობებს არ შეიცავს. სახლის პირობებში ამ ფერის მიღება საკმაოდ მარტივია, თუ შენი ნატურალური თმა ქერა ან ყავისფერია.
მუქი ყავისფერი
ძალიან მუქი ყავისფერი, ოქროსფერი და მოყვითალო ტონალობების გარეშე იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ძალიან მუქი თმა უნდათ, მაგრამ არა შავად შეღებვა.
თბილი ტონალობის კანისათვის
ოქროსფერი ქერა
მდიდრული, მბრწყინავი ფერი, რომელიც, როგორც წესი, სახის კანის ფერს ძალიან აცოცხლებს. ამ ფერის მისაღებად უმჯობესია, სალონს ეწვიო.
მარწყვისფერი ქერა
მათთვის, ვისაც თბილი ტონალობის კანი აქვს, უნდა წითლად შეღებვა, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია, ეს ფერი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია იმის მოსასინჯად, ნამდვილად უნდა თუ არა წითელი თმა.
კარამელი
მათთვის, ვისაც მუქი ყავისფერი ან შავი თმის გაღიავება უნდა ისე, რომ თმას დიდი ზიანი არ მიაყენოს. ეს ფერი ღია ტონალობის მქონე ადამიანებს მოუხდებათ.
სპილენძისფერი
ჟღალის ერთ-ერთი ყველაზე მბზინავი, მდიდრული და თვალშისაცემი ტონალობა. თუმცა, მისი მოვლა საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ძალიან მუქი ყავისფერი
იმდენად მუქი, რომ ერთი შეხედვით შავი გეგონება. ეს ფერი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ნამდვილი შავი, რომლის სხვა ფერად შეღებვა მრავალეტაპიანი პროცესია.
ორივე ტონალობის კანისათვის
წაბლისფერი
წაბლისფერი საღებავი ერთნაირად უხდება როგორც თბილი, ასე ცივი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს. სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვა ფერის “წაბლისფერი” აქვს, ზოგს “ფერფლისფერი” ტონალობებით, ზოგს “ოქროსფერი” ტონალობებით. ამიტომ ამ ფერის არჩევისას ყურადღებით დააკვირდი კატალოგში მოცემულ ფერს. მაგალითად, თუ შენ ღია ტონალობის კანი გაქვს, ოქროსფერი ტონებით უნდა აარჩიო.
მაჰაგონი
საშუალო ტონალობის ყავისფერი წითელი ტონალობებით.
მუქი შოკოლადისფერი
ასეთი ფერის ტარებისას თმა ზოგჯერ ზედმეტად უფერული და ჩვეულებრივი ჩანს, ამიტომ აუცილებლად ჭირდება მუდმივი ყურადღება და მოვლა .
მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და თუ შენ მთელი გულით გინდა რომელიმე ფერის მოსინჯვა, თამამად გარისკე, ვინ იცის, იქნებ შენ ზუსტად ის გამონაკლისი ხარ, რომელსაც ეს ფერი კანის ტონალობის მიუხედავად, ძალიან უხდება!